ხუდონის პროექტი » პროექტის ისტორია

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარის – ენგურის – ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა ჯერ კიდევ 1912 წელს დაიწყო, როდესაც სოფელ ჯვართან, ხუდონის კაშხლის ქვემოთ დამონტაჟდა მდინარის წყლის დონისა და ჩამონადენის საზომი მოწყობილობა.

 

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ითვალისწინებდა მდ. ენგურზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის გენერალური გეგმის განხორციელების ერთ-ერთ ეტაპს. ჰესის საპროექტო წინადადება დამტკიცდა 1978 წლის 31 აგვისტოს სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს №110 დადგენილებით, თუმცა მშენებლობა 1988 წელს შეჩერდა.

 

1992 წლიდან პერმანენტულად ხდებოდა პროექტზე მუშაობის განახლება

 

2005 წელს მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა ტექნიკური დახმარების გრანტი 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ითვალისწინებდა სამი პარალელური კვლევის ჩატარებას, მათ შორის:

 

ა) ფრანგულ-იტალიური კომპანიებისაგან შემდგარმა კონსორციუმმა BRL/ARS–მა ჩაატარა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ)

 

ბ) შვეიცარულმა ერთობლივმა საწარმომ Stucky-Colenco-მ - რომელიც მსოფლიოში აღიარებულია დიდი კაშხლების დაპროექტების საქმეში, განახორციელა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

 

გ) სერბულმა კომპანია SEEC-მ წარმოადგინა სტრატეგიული კვლევა, რომელიც  მიზნად ისახავდა ალტერნატიული ენერგიის წყაროების პროგრამების განვითარების შეფასებას, რომელთაგანაც  უნდა გამოკვეთილიყო პრიორიტეტული ენერგეტიკული პროექტები.

 

•      ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არსებული ადგილმდებარეობით საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს. 2008 წელს Stucky-Colenco-მ კვლევის შედეგები წარუდგინა საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის სამინისტროს, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობას  და მათი მოთხოვნების შესაბამისად დაასრულა ძირითადი გეგმის შემუშავება.

 

•       საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი (პანელი) წარმოდგენილი იყო გამოჩენილი პროფესიონალებისგან: პროფ. ხუან ვალდესი - ჰიდროლოგიის ექსპერტი (აშშ), ბ-ნი უილიამ მოულერი - საინჟინრო გეოლოგიის ექსპერტი (ავსტრალია) და დოქ. ჰარალდ კროიცერი - ექსპერტი კაშხლების სფეროში (შვეიცარია)

 

2009 წლის ივნისში ჩატარებული კვლევების შედეგების შესაბამისად ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის სიაში იქნა შეტანილი, რამაც განაპირობა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მსოფლიო 100 უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტთა სიაში ყოფნა. 

Address: თბილისი, ჩიტაძის ქ. 11, ოფისი # 10. 0114 Tel/Fax +995 32 225 88 68 E-mail: info@transelectrica.ge